ეს ძალიან უცნაური ისტორიაა ჯაზის მუსიკოსზე, რომელიც საკუთარ ცოლს კლავს (თუ არ კლავს?) და შემდეგ მისტიკური გზით ციხიდან ქრება. სიუჟეტის გადმოცემა პრაქტიკულად შეუძლებელია. საუკეთესო, რაც ფილმის ყურებისას შეგიძლიათ გააკეთოთ, ისაა, რომ მის ატმოსფეროს მთლიანად მიენდოთ და საკუთარ ასოციაციებს თავისუფლება მისცეთ. სწორედ ამაშია მთელი ლინჩი — მაყურებელს გვარიანად მოუწევს თავის მტვრევა, რათა სიუჟეტის რაიმე ინტერპრეტაცია მაინც ააწყოს.
ლინჩის ახალმა ნამუშევარმა კინოკრიტიკოსები ორ ბანაკად გაყო — ერთნი მიიჩნევდნენ, რომ რეჟისორის კარიერა დაღმასვლისკენ წავიდა, სხვები კი (მათ შორის ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი) ფილმით აღფრთოვანებულები იყვნენ.
ფილმში ჟღერს ლუ რიდის, დევიდ ბოუის, Rammstein-ისა და მერილინ მენსონის სიმღერები, ხოლო საუნდტრეკზე ტრენტ რეზნორი (Nine Inch Nails) მუშაობდა. კომპოზიტორმა ოლგა ნოივირტმა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ელფრიდე იელინეკმა კი ფილმის სიუჟეტის მიხედვით ოპერა შექმნეს.