„ლიტერატურასა და სხვა დემონებზე“ გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „თეატრი სახელოსნო 42“-ის ახალი, ერთობლივი პროექტია, კულტურის ორი სფეროს – ლიტერატურისა და თეატრის კოლაბორაცია, რომლის ფარგლებშიც, თეატრის სივრცეში, ქართველი მწერლების, მთარგმნელების, ლიტერატორების, ასევე მსახიობებისა და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენელთა მონაწილეობით არასტანდარტული შეხვედრების სერია გაიმართება.
პროექტის მიზანია, რომ დღეს, როდესაც ქართული კულტურის სფერო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას და ყოველდღიურად იბრძვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, თეატრი იქცეს სივრცედ, რომელიც არა მხოლოდ იქ წარმოდგენილი სპექტაკლების საშუალებით, არამედ ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, შეასრულებს მის უმთავრეს ფუნქციას – ხმამაღლა და თავისუფლად ისაუბროს საზოგადოებისთვის აქტუალურ, საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე.