5 და 6 ივნისს, KHIDI არსებობის 10 წელს 48-საათიანი მარათონით აღნიშნავს
ეს არის ათწლიანი გზა სივრცის, რომელიც არ არის მხოლოდ კლუბი, არამედ პლატფორმა, კომუნა და რეგიონის ელექტრონული მუსიკის კულტურის მთავარი ორიენტირი
გასული ათწლეულის განმავლობაში, KHIDI-მ გადამწყვეტი როლი ითამაშა თბილისის ღამის ცხოვრების ფორმირებაში და იგი მსოფლიო რუკაზე განათავსა. კლუბის მუსიკალურმა პროგრამამ უმასპინძლა ელექტრონული სცენის ყველაზე გავლენიან ფიგურებს, პარალელურად კი, ხელი შეუწყო ადგილობრივი ახალბედა თუ გამოცდილი არტისტების განვითარებას — ბევრმა მათგანმა სწორედ აქედან დაიწყო გზა საერთაშორისო აღიარებისკენ
KHIDI ყოველთვის რჩებოდა ექსპერიმენტებისა და შემოქმედებითი ზრდის ადგილად, სადაც თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ არტისტებს. ერთგულება ხმის ხარისხის, ატმოსფეროსა და საკუთარი იდენტობისადმი იქცა ორიენტირად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც
ამ თარიღს მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ განვლილი წლები, არამედ ხედვის ურყევობა. ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი, KHIDI-მ შეინარჩუნა საკუთარი ხედვა, დარჩა მისი ფასეულობების ერთგული და გააგრძელა სვლა წინ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე
ორ დღიანი საიუბილეო ღონისძიება 30-მდე არტისტს უმასპინძლებს. ეს დღეები გააერთიანებს კლუბის ადგილობრივ და საერთაშორისო რეზიდენტებს, ასევე სპეციალურ სტუმრებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს კლუბის განვითარებაში. მუსიკალური პროგრამა სამ სცენაზე გადანაწილდება: KHIDI, G2 და HAERI (ღია სივრცე კლუბის ეზოში) — თითოეული მათგანი განსხვავებულ ატმოსფეროსა და ჟღერადობას შესთავაზებს მსმენელს
დაარსების დღიდან, KHIDI-ს მისია სცენებს, ჟღერადობებსა და ადამიანებს შორის ხიდების მშენებლობა იყო. 10 წლის შემდეგ ეს მისია გრძელდება — უფრო ძლიერად, მასშტაბურად და უფრო მჭიდრო კავშირებით, ვიდრე ოდესმე