5 აპრილს გეპატიჟებით ფილმის „ხაბარდას“ ჩვენებაზე, რომელსაც ნანა თაკვარელიასა და ბენ უილერის მუსიკალური პერფორმანსი დაერთვება. ღონისძიება „უბნის“ და SOOOON SPACE-ის კოლაბორაციული პროექტის – „კინემატოგრაფიული ქალაქგამოსახულება: თბილისის ურბანული ნარატივები ფილმში“ ფარგლებში ტარდება.
„ხაბარდა“ ანუ „განზე გადექ“ მიხეილ ჭიაურელის მიერ 1931 წელს გადაღებული უხმო ფილმია. ამ სატირული კომედიის სახელწოდება მომდინარეობს ფრაზიდან – „გზა მოგვეცით“, რომელსაც თბილისის მეეტლები ხშირად იყენებდნენ. ფილმის სათაური ფუტურისტულ აჯანყებას ეხმიანება, რომელიც ხალხს მოუწოდებს, „განზე გაუდგეს“ ყველას, ვინც ხელს უშლის თბილისის, როგორც სოციალისტური ქალაქის მშენებლობასა და მისი ქუჩების რეკონსტრუქციის ფართო გეგმას.
ანა ჩორგოლაშვილი წარადგენს შესავალ სიტყვას, რომელშიც ფილმის პოლიტიკური და სოციოკულტურული კონტექსტი იქნება განხილული. მოხსენება ასევე შეეხება 1920-იანი წლების თბილისის არქიტექტურულ და ურბანულ ტრანსფორმაციას და მხატვრულ მიმდინარეობებს, რომლებმაც გავლენა იქონიეს ფილმის ვიზუალურ ენაზე, დრამატურგიასა და შინაარსზე.
ფილმს მუსიკალურად გააფორმებენ მუსიკოსი და გარემოსდამცველი, ნანა თაკვარელია და მუსიკოსი, მუსიკოლოგი და პედაგოგი, ბენ უილერი. პერფორმანსი „საველე ჩანაწერებისა“ და სინთეზატორის შერწყმით, ხმის დიზაინისადმი მუსიკოსების უნიკალურ მიდგომას გამოხატავს.
„ჰიბრიდული პარტიტურის ექსპერიმენტალიზმი და მრავალფეროვნება ადრეული ქართული უხმო კინოს ეთოსს გამოხატავს და ამავდროულად, განსხვავებულ, კონტრასტულ ტემპს უზრუნველყოფს. კერძოდ, ფილმის პროპაგანდისტული ეპიზოდების თანმხლები მუსიკალური გაფორმება მის იდეოლოგიას კი არ აძლიერებს, არამედ ცვალებად ხმოვან ფონს ქმნის, რომელიც ფოკუსსა და აღქმას ცვლის.“ – ნანა თაკვარელია და ბენ უილერი
პროგრამა:
20:00 – შესავალი სიტყვა. ანა ჩორგოლაშვილი
20:30 – „ხაბარდას“ კინოჩვენება & მუსიკალური პერფორმანსი
21:30 – არაფორმალური დისკუსია
ინფორმაცია ვიზიტორებისთვის:
დასწრების ღირებულება – 20 ლარი (ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ადგილზე)
ენა – ფილმი უხმო, რუსული ინტერტიტრებით და ინგლისური თარგმანით
მისამართი:
SOOOON SPACE
დიმიტრი არაყიშვილის #18, თბილისი
„უბნის“ შესახებ:
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მის არქიტექტურასა და ბუნებრივ მახასიათებლებზე დაკვირვება
SOOOON SPACE-ის შესახებ:
SOOOON SPACE მულტიდისციპლინური სახელოვნებო კოლექტივის, Flowgardenz-ის მიერ დაარსებული და კურირებული სივრცეა, სადაც ხელოვნება, დიზაინი, ბუნების კვლევა და თანამედროვე კულტურული პრაქტიკა თანაარსებობენ და ერთმანეთს აძლიერებენ
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „უბნის“ ვებგვერდს: https://ubani.center/.../movie-screening-khabarda.../