ეს საკონცერტო პროგრამა აერთიანებს კლოდ დებიუსისა და სერგეი პროკოფიევის შემოქმედებას — ორი კომპოზიტორისა, რომლებმაც XX საუკუნის დასაწყისში რადიკალურად გააფართოეს ფორტეპიანოს გამომსახველობითი შესაძლებლობები.
დებიუსის მუსიკაში ჟღერადობა გარდაიქმნება ატმოსფეროდ, სინათლედ და არქიტექტურულ სივრცედ, ხოლო პროკოფიევთან იგი იძენს მოუსვენარ, ფიზიკურ ენერგიას, რომელსაც განსაზღვრავს მექანიკური რიტმები, დასარტყამი ინსტრუმენტების მსგავსი ჟღერადობა და მოულოდნელი ჰარმონიული ცვლილებები.
კონცერტის დასასრულს შესრულდება მორის რაველის ერთ-ერთი ნაწარმოები დამატებით ნომრად (Encore), რომელიც აგრძელებს ფორტეპიანოს, როგორც განსაკუთრებული ფერადოვნების, სიზუსტისა და წარმოსახვის მქონე ინსტრუმენტის შესაძლებლობების კვლევას.
_____________________________
კონცერტი გაიმართება გაბრიაძის თეატრის ფოიეში, კულტურულ სივრცეში Gabriadze Wonders Station, რომელიც თეატრის მხატვრული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გაზიარებას ემსახურება, მემორიალური ნივთებითა და თეატრალური ისტორიებით სავსე ატმოსფეროში
გაბრიაძის თეატრი მდებარეობს ისტორიული ძველი თბილისის გულში,
მისამართზე შავთელის ქუჩა # 12+1.
1981 წელს რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა გაბრიაძის თეატრი მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია.
ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული "Le Figaro" აღნიშნავდა: "რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია… "
არსებობის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.
გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.
რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კი, იზიდავს მაყურებელს მთელი მსოფლიოდან.
თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერია რეჟისორი ლეო გაბრიაძე. ის არის რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი პოეტური სამყაროს მთავარი მცველი და მამის საქმის გამგრძელებელი.
რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი განსაკუთრებული ჯადოსნური გარემო სცენის მიღმაც გრძელდება. უნიკალურია თავად თეატრის შენობაც, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით წერია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ამჟამად წარმოდგნილია ოთხი სპექტაკლი: “ალფრედი და ვიოლეტა”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, და “რამონა”.
"ის ნადმვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს , თან ისეთ დრო, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება."
პიტერ ბრუკი