კათოლიკოს - პატრიარქის ილია II ხსოვნას
4 ნოემბერი 20.00
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელიც ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში.
კონცერტზე შესრულდება:
იოჰან სებასტიან ბახი
• არია „Erbarme Dich Mein Gott“ — „შემიწყალე მე ღმერთო ჩემო“, „მათეს პასიონიდან" - ღვთაებრივი ბახის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ღრმა სულიერებით გამსჭვალული, გენიალური მუსიკალური ქმნილება, რომელშიც სინანული, ტკივილი და შენდობის ვედრება განსაკუთრებული ექსპრესიულობით არის გადმოცემული.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
• „Ave verum corpus“ - „გიხაროდენ ჭეშმარიტო, სხეულით შობილო მარიამისგან“ - ზიარების საგალობელი, რომელიც გამოირჩევა სულიერი სიმშვიდით, მუსიკალური სინატიფით, ღრმა ემოციური გამომსახველობითა და საოცარი ჰარმონიული სრულყოფილებით. ეს შედევრი მოცარტმა, რექვიემთან ერთად, თავისი სიცოცხლის ბოლო წელს შექმნა და ღვთაებრივ სამყაროსთან შეხვედრის სინათლით არის აღვსილი.
• „Laudate Dominum“ - „აქებდით უფალსა ყოველი მოდგმა“ - საგალობელი მოცარტის მწუხრის ციკლიდან. მოცარტის მელოდიური გენიის ერთ-ერთი სრულყოფილი შედევრი. მისი ლირიკული სილამაზე, კანტილენის სიფაქიზე და ამაღლებული განწყობა ღვთის დიდებისა და მადლიერების განცდას გადმოსცემს.
• „რექვიემი“ - მოცარტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომელიც სიცოცხლის, სიკვდილის, მარადიულობისა და ხსნის თემებს ეხმიანება. დრამატული ძალისა და სულიერი სიღრმის შერწყმით, მელოდიური, ჰარმონიული და ფაქტურული სრულქმნილებით იგი მსოფლიო მუსიკის უმნიშვნელოვანეს ქმნილებებს შორისაა.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი.
სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, გიორგი ჭელიძე და თორნიკე პაპიძე.
დირიჟორი - სვიმონ ჯანგულაშვილი.