ლუსი — ან იქნებ ლუიზა, ან ივონა, ან საერთოდაც არც ერთი გოგონა არ არსებობს — ფიქრობს, რომ თავის შეყვარებულ ჯეიკს დაშორდეს. თუმცა ამის ნაცვლად მასთან ერთად მიემგზავრება მის მშობლებთან, მოშორებულ ფერმაში.
ეს ისაა, რაც ფილმში ხდება, თუმცა სულაც არ არის ის, რის შესახებაც ეს ფილმია.
როგორც ჩანს, მაყურებელს ორი გზა აქვს: ან სცადოს სიუჟეტური გამოცანების ამოხსნა, როგორც ლინჩის ფილმებში, ან... ბოლოს და ბოლოს მოდუნდეს და სიუჟეტს მიღმა გაიხედოს. ორივე გზა კარგია და ორივე შემთხვევაში საინტერესო გამოცდილება გელოდებათ.
„ვფიქრობ, როგორ დავასრულო ყველაფერი“ პესიმისტური, ლამაზი, გონების ამრევი და თავისებურად ძალიან ემოციური კინოა. აქ ყველაფერია — ვიზუალური სიამოვნებაც, თანაგრძნობაც, თავსატეხებიც და ის შეგრძნებაც, თითქოს ბოლოს თავში მტვრიანი ტომარა მოგხვდა.
ფილმის რეჟისორია ჩვენი ფავორიტი ჩარლი კაუფმანი — „უმანკო გონების მარადიული ნათების“ და „იყო ჯონ მალკოვიჩი“ სცენარისტი, რომელმაც საბოლოოდ კინოწარმოების პროცესი საკუთარ ხელში აიღო და უკვე სამი ფილმი გადაიღო საკუთარი სცენარების მიხედვით.