მისამართი: ივანე ჯავახიშვილის ქ. 7, 0105, თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე, გარდა - სამშაბათისა
სამუშაო საათები: 10-18 სთ;
1982 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, ოქტომბრის რაიონში კალინინის ქ. N 7-ში (ახ. ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7) მდებარე შენობის ნაწილი, მოგვიანებით მთლიანად, გადმოეცა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს (სახლ-მუზეუმი 1957 წლის 3 აგვისტოს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე გაიხსნა 1957 წლის 22 ოქტომბერს), რომლის ბაზაზეც ახლანდელი მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა მწერლის
დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად, 1987 წლის 27 ოქტომბერს, საზეიმო გახსნას საქართველოს წარმომადგენლობით დელეგაციებთან ერთად მაშინდელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. 1988 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს განკარგულების თანახმად მუზეუმს ეწოდა ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.
თბილისში ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში 1888 - 1901 წ.წ. თავისი დის - ელისაბედ ჭავჭავაძე - საგინაშვილის სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას საზოგადოებრივ - პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. ამასთან,
აქ იყო მოთავსებული გაზეთ "ივერიის" რედაქცია და სტამბა. ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული "ხუთშაბათობები". აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ - სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყება.
კოლექციები:
მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი მოაზროვნის, მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წ.წ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ფოტო მასალები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
„ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელთათვის, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით, ყველა მუზეუმში შესასვლელ ბილეთებზე მოქმედებს ფასდაკლება 20%-ის ოდენობით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
➢ ICOM-ის წევრებისთვის;
➢ პენსიონერთათვის;
➢ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
➢ 6 წლამდე ბავშვებისთვის;
➢ სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის;
➢ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებისათვის და მათთან გათანაბრებული პირებისათვის.