მეტსახელად მოჩვენება-ძაღლად ცნობილი პირქუში მებრძოლი თავს მკვდრად ორ მიზეზს გამო მიიჩნევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ სამურაის კოდექსით ცხოვრობს და ყოველდღიურად საკუთარ სიკვდილზე მედიტირებს. მეორეც — რამდენიმე წლის წინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„მკვდარ კაცში“ ჯიმ ჯარმუშმა სიკვდილის ზღურბლამდე მიგვიყვანა, „მოჩვენება-ძაღლში“ კი შეხვედრას უკვე მის მიღმა გვინიშნავს. სამურაის ერთ-ერთი მთავარი მცნება ამბობს: „ყოველდღე, გამონაკლისის გარეშე, წარმოიდგინე, რომ უკვე მკვდარი ხარ. სწორედ ეს არის სამურაის გზა.“ სწორედ „სამურაის გზა“ ჰქვია ჯარმუშის ამ შედევრის ქვესათაურსაც.
რეჟისორი საკუთარ საუკეთესო შემოქმედებით მომენტებს უბრუნდება — როგორც როკ-მუსიკოსები იტყოდნენ, საკუთარ best of-ს. ამასთან ერთად, ის კინოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მწვერვალებსაც უბრუნდება: გოდარს (ამიტომაც ჩნდება ფილმში ეკრანზე სამურაული აფორიზმები) და ვესტერნს (აქედან მოდის ზუსტად შუადღის მწველ მზეში გამართული დუელები და სროლები).
ეს გარეგნული ფორმა ჰარმონიულად ერწყმის ფილმის შინაგან სამყაროს: შავკანიანი გმირი სამურაისავით ცხოვრობს; ცხრა წლის გოგონა ფრანკენშტეინითაა შეპყრობილი; იტალიელი განგსტერი კი ძველი, ომამდელი მულტფილმების გმირს — ვუდი ვუდპეკერს ეთაყვანება.
ჯარმუში ახალ ეპოქას არ გაურბის. პირიქით — მშვიდად და ნათლად ხსნის, როგორი გახდა 2000-იანი წლების სამყარო: კულტურების მუდმივი შერევის შედეგად ის სულ უფრო ბაბილონს დაემსგავსა. როგორც სამურაის კოდექსში ვკითხულობთ:
„ეპოქის სული უკან აღარ ბრუნდება. მისი დასასრულისკენ ის უთვალავ ნაწილაკად იშლება, და საუკუნეთა მიჯნაზე ადამიანები დროის მიღმა დარჩენისგან თავს იმით იხსნიან, რომ წარსული სამყაროს სიბრძნეს ეჭიდებიან.“