აღწერა
ახლიდან დაბადება, რომელიც ასე კარგად ჟღერს, შესაძლოა, ბევრი პრობლემის მომტანი აღმოჩნდეს. მაგალითად მაშინ, როცა საქმე ეხება უბრალო კომივოიაჟერის საცეცებიან მწერად გარდასახვას. გრეგორ ზამზა, ადამიანობიდან არაადამიანად გახდომის მომენტიდან “მეტამორფოზის” მთავარი გმირია. ყავისფერი ქერქლით დაფარული მუცელი და ჯავშნიანი ზურგი იმის მაუწყებელია, რომ ფრანც კაფკას პერსონაჟი ვეღარ ივლის სამსახურში, ვეღარ შეჭამს უწინდელ საკვებს, ვეღარ ისაუბრებს და,რაც მთავარია, ვეღარ იქნება საზოგადოებისა და ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
მკითხველი, რომელიც ძალიან პატარა ნოველისგან ფიზიკური მეტამორფოზის აღწერას ელის, იმედგაცრუებული დარჩება, რადგან მთელი მოთხრობა გრეგორის სულიერი ტკივილის, იმედგაცრუების, საკუთარი გარეგნობის გამო სირცხვილის და საკუთარი პიროვნებისადმი შეუგუებლობის გარშემო ტრიალებს.
თითოეულ ადამიანს თავის წარმოსახვაში ჰყავს იდეალური “მე”. როდესაც იგი ძალიან დაშორებულია რეალური “მესგან”, ადამიანი სასოწარკვეთაში ვარდება და ხანდახან სძულს კიდეც საკუთარი თავი. მაშინ რა მოიმოქმედოს გრეგორმა, რომელიც შინაგანად ადამიანია, გარეგნობით კი საკუთარ დასაც აფრთხობს? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ გრეგორი მწერად იქცა, ოჯახს იგი უნდა შეზიზღდეს?