მაია ნავერიანის ნამუშევრებში, ‘Figment’-როგორც კონცეფცია, თეთრი ქაღალდის ზედაპირზე ფერადი ფანქრების დინამიური მონახაზებით დატვირთულ სტრუქტურებში და ნიშნებში იხსნება. მისი ენა ყოველდღიურ სამყაროში გაჩენილი ‚ნაპრალია‘, რეალურსა და მეტაფიზიკურს შორის და სხვა არაფერია, თუ არა უწესრიგობის, აბსურდულობის, შეჭრა ყოველდღიური სამყაროს მოჩვენებით წესრიგში.
ამ ურთიერთგამომრიცხავი სივრცეების ერთმანეთში გადადინება და დისონანსი იწვევს კულტურულ, სოციალურ და ისტორიულ/ პოლიტიკური შინაარსების დესტაბილიზაციას, რის შედეგადაც ყველაფერი თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
სრულიად განსხვავებული ფორმით ვითარდება თამო ჯუღელის ფერწერულ ნამუშევრებში აღნიშნული პროცესები. რღვევის მიჯნაზე წარმოდგენილი ფორმები, დენადი ფერადები, აბსტრაგირებული საგნები, კიდევ უფრო ნათელს ხდის ბუნებრივ (ფიზიკური) კანონების რღვევას. თითქოს ფიგურატიული წარმონაქმნები ქაოსსა და წესრიგის ზღვარზეა, როგორც ფორმათა გენეზისის ანალოგია ბუნებაში. ხშირ შემთხვევაში ისინი ადამიანური და ცხოველური არსებების სიმბიოზებად აღიქმება. ეს ერთგვარი მოდიფიკაციაა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ემპირიული რეალობიდან გადასვლა გარკვეულ ფიქციურ რეალობაში.
ამ ორი მხატვრის აბსოლუტური განსხვავებულობის მიუხედავად, როგორც მასალასთან მიდგომაში, ასევე მუშაობის დინამიკაში, შეინიშნება მნიშვნელოვანი საერთო კვეთა- ორივე სრულიად ენდობა და მიუყვება ინტუიტურ ორიენტირს. მათი პრაქტიკა და ძიების პროცესი კი არღვევს კულტურული ენის საზღვრებს.
მაია ნავერიანი (დაბ. 1966, თბილისი) 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო.
იმ დროდან მოყოლებული, მაია ნავერიანი აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილი ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორი. გერმანიაში მაია ნავერიანს წარმოადგენს Galerie Voss, დუსელდორფი.
თამო ჯუღელი (დაბ. 1994, თბილისი) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა, თვითნასწავლი ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.
თამო ჯუღელის ფერწერა არაცნობიერი იმპულსების ანაბეჭდებს ატარებს, როგორც ხაზოვანი, ისე ფერადოვანი ფაქტურით. მარტივი ელემენტებისგან შემდგარი ფიგურები, ფერისა და ფორმის ინტუიტური ნაკადი კომპლექსურ და დინამიურ ქსელს აყალიბებენ, ზოგგან ღებულობენ ფორმას და ზოგგან კი - აბსტრაქციებად იშლებიან სიბრტყეზე. თითოეული ელემენტი ფიგურასა და სიბრტყული დეკონსტრუქციის ზღვარზეა. მოცემულ სისტემაში ვიზუალური ნიშნები სკულპტურულ, დენად, სივრცობრივ განზომილებას ადგენენ და თავის ავტონომიურობას ქმნიან. ჩვენ ტრანსგრესიასა და სუბლიმაციას, რაციონალურსა და ირაციონალურს შორის თამაშის მოწმენი ვართ.
გამოფენის გახსნა: 11 აპრილი, 11:00-19:00
11 აპრილი - 25 მაისი, 2024
მისამართი: გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქუჩა 14, თბილისი
გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ მაია ნავერიანის და თამო ჯუღელის პირველ ერთობლივ გამოფენას, ‘Figment’.
სათაური ‘Figment’ წარმოადგენს გამოფენის კონცეპტუალურ და სიმბოლურ ღერძს, რომელიც შეგვიძლია გავიგოთ , როგორც სუბიექტური , წარმოსახვითი, ალტერნატიული რეალობა, რომელშიც ახალ ენობრივ თამაშებთან ერთად ახალი სივრცეც იხსნება, სადაც ნიშნები და გამოსახულებები თითქოს ხელახლა იბადებიან, ფორმირდებიან.
გამოფენა კონცენტრირდება წარმოსახვაზე, როგორც უნივერსალურ სინთეზურ უნარზე, იმ უმნიშვნელოვანეს არხზე, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება გადინება ერთი რეალობიდან მეორეში. ის თითქოს უხილავი აგენტია, რომელიც ცნობიერების ახალი ველის შექმნის შესაძლებლობებსაც კი აჩენს.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
Gallery Artbeat
14 Pavle Ingorokva Street, Tbilisi
Gallery Artbeat არის თანამედროვე ხელოვნების გალერეა თბილისში