დრამა შურისძიებაზე, გამოსყიდვასა და მიტევებაზე, შთაგონებული აკირა კუროსავას „რაშომონით“. ანდრეი ტარკოვსკის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი. ბერგმანის რამდენიმე ფილმიდან ერთ-ერთი, რომლის მოქმედებაც შუა საუკუნეებში ვითარდება.
სიყვარულითა და მზრუნველობით განებივრებული ახალგაზრდა ქარინი – საყვარელი და ოდნავ უდარდელი – მთელი ღამე ცეკვავდა და დილის ლოცვა გააცდინა. მშობლები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უბიწო გოგონამ შორეულ ეკლესიაში სანთლები მიიტანოს. ქარინი ტოვებს ფერმას თავის ნახევარდასთან, წარმართ ინგერისთან ერთად. ის თითქოს მისი სრული ანტიპოდია: ასრულებს ბინძურ საოჯახო სამუშაოებს, შურისმაძიებელია, მშიშარა და ქორწინების გარეშე დაფეხმძიმებული. გოგონები გაუვალ ტყეში მიდიან, სადაც ბედისწერა ქარინს საშინელ შეხვედრას უმზადებს სამ მწყემსთან.
„წყაროს“ ატმოსფერო ხელს უწყობს იმ ტრადიციის გააზრებას, რომელშიც რეჟისორი აღიზარდა და რომლის მიხედვითაც მისი გემოვნება ჩამოყალიბდა: ასკეტური სიმკაცრე, პირდაპირი მზერა, გაუგებრობის არარსებობა, სიცივე და სიმძიმე.
ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.