ჯონი დეპის მთავარ როლში შესრულებული ფილმი, რომელმაც ვესტერნის ჟანრი უკუღმა შემოატრიალა. ახალგაზრდა ბუღალტერი, რომელსაც (თითქოსდა არა შემთხვევით) დიდ რომანტიკოს პოეტს — უილიამ ბლეიკს — უწოდებენ, სამსახურის საძიებლად ჩადის სამყაროს ყველაზე უკაცრიელ კუთხეში, ნამდვილ ველურ დასავლეთში. იქაური წესები სასურველს ბევრს ტოვებს: ქალაქის მცხოვრებნი — მთვრალები, ლოთები, გარყვნილი ქალები და ქოვბოი-მკვლელები არიან. ტყვიის დაჭერა იქ უფრო ადვილია, ვიდრე არდაჭერა. უილიამსაც ხვდება ტყვია. ასე იწყება მისი მოგზაურობა ინდიელ ნიქტოსთან ერთად, რომელიც უცნობ სივრცეებში მისი მეგზური ხდება.
„მკვდარი კაცი“ — ეს უბრალოდ ჟანრის ხელახალი გააზრება კი არაა. ეს ვესტერნია-გადატრიალება, ვესტერნი ისე, თითქოს იგი ინდიელის პერსპექტივიდან გადაიღეს.
ვესტერნის გმირი ნებისმიერ ფასად გადარჩენას ცდილობს. „მკვდარი კაცის“ გმირი კი უკვე უფრო მკვდარია, ვიდრე ცოცხალი (დეპის ნიღბისმაგვარი სახე აქ ზედგამოჭრილია). იგი მოგზაურობს სამყაროთა შორის. და მას აღარაფერი აქვს დასაკარგი.