სპექტაკლი არის ერთგვარი დროში გაფანტული სიზმარი საკუთარ თავში დაკარგულ ადამიანზე, მის მდგომარეობაზე, როდესაც აანალიზებს, რომ საკუთარი ცხოვრება, პიროვნება - არ შეესაბამება მის რეალურ „მეს“ და ის იმ გარემოს მსხვერპლია, სადაც უწევს ცხოვრება.
თითქოს ლამაზი, მხიარული, მაგრამ მოჩვენებითი ზღაპრის ჭიდილი რეალობასთან, როდესაც ხდება საკუთარ თავში სამყაროს დეკონსტრუქცია და ყველაფერი ერთმანეთში ირევა. საბოლოოდ რჩება ქაოსი, საიდანაც ან შეძლებ გამოსვლას, ან ვერ შეძლებ. ამ დროს ადამიანები უსუსურ, საკუთარი ხიდან მოგლეჯილ ფოთლებს ემსგავსებიან, რომლებსაც სახლიდან შორს, უდაბურ, ცივ და საშინელი განსაცდელებით სავსე ჯურღმულებში ატარებენ „ბნელი ქარები“. ამ აუტანელ გაურკვევლობაში მხოლოდ ერთი რამ დაგრჩენია, რომ არ დაივიწყო შენი „სახლი“...