ციპრიენ კაცარისი კვიპროსელი-ფრანგი ვირტუოზი პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორია. მის პედაგოგებს შორის იყო მონიკ დე ლა ბრუშოლერი — ემილ ფონ ზაუერის მოწაფე, ხოლო ზაუერი თავად ფრანც ლისტის მოსწავლე გახლდათ. განსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში სწორედ ლისტის ტრანსკრიფციებს უჭირავს. იგი გახდა პირველი პიანისტი, რომელმაც ბეთჰოვენის ცხრა სიმფონიის ლისტისეული ტრანსკრიფცია სრულად ჩაწერა.
ციპრიენ კაცარისი თანამშრომლობდა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ორკესტრებთან და მისი პარტნიორები იყვნენ ლეონარდ ბერნსტაინი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, სერ ნევილ მარინერი, სერ საიმონ რეტლი, კრისტოფ ფონ დონანი, შარლ დუტუა, ივან ფიშერი, ნიკოლაუს ორნონკური, კენტ ნაგანო, სერ ჩარლზ მაკერასი, ვლადიმირ ფედოსეევი, იუკა-პეკა სარასტე და დმიტრი კიტაენკო.
სოლო კარიერის პარალელურად, მან დააარსა Katsaris Piano Quintet, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა ევროპაში, იაპონიასა და ამერიკის კონტინენტზე.
მისი დისკოგრაფია მოიცავს როგორც სოლო საფორტეპიანო ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს, ასევე ბახის, ლისტის, ბრამსისა და მოცარტის საფორტეპიანო კონცერტებს, რომელთა ნაწილიც ზალცბურგსა და ვენაში ცოცხალი შესრულებების სახით ჩაიწერა.
ციპრიენ კაცარისის საკონცერტო ხელოვნებით ორი გამოჩენილი კინორეჟისორი — კლოდ შაბროლი და „ოსკარის“ მფლობელი ფრანსუა რაიშენბახი — დაინტერესდნენ და მასზე დოკუმენტური ფილმები გადაიღეს.
შოპენის, ლისტისა და ბეთჰოვენის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, ციპრიენ კაცარისი ხშირად ატარებს მასტერკლასებს ნიუ-იორკში, ტორონტოში, მეხიკოში, ჰააგასა და ზალცბურგის Mozarteum-ში.
გიორგი კოვალევი 1990 წელს თბილისში დაიბადა. შემდგომ სწავლობდა სახელგანთქმულ Kronberg Academy-ში ნობუკო იმაის კლასში, მუსიკალური განათლება კი დაასრულა ტაბეა ციმერმანის კლასში, ბერლინის ჰანს აიზლერის კონსერვატორიაში.
როგორც ალტისტმა, გიორგი კოვალევმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა იური ბაშმეტის სახელობის საერთაშორისო კონკურსსა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსებზე. 2011 წელს ვერბის ფესტივალზე მას მიენიჭა Neva Foundation Prize, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯილდოდ მიიჩნევა.