ამბავი, რომელსაც მეზღაპრე სცენიდან გვიყვება, მოხერხებულ ბაყაყ ჩიკოზე გახლავთ.
გასაჭირში აღმოჩენილ ჩიკოს ყურცქვიტა ბაფი ეხმარება და სიკვდილისგან იხსნის.
მეფე ლომის — ელვინის — ბრძანებით ტყეში კრება იმართება. მელა ლეისი, დათვი უილბერი, ღორი დუდი და ვირი როქსი ერთხმად გადაწყვეტენ, რომ ლომს საუზმედ უსუსური ყურცქვიტა მიართვან. სწორედ აქედან იწყება დიდი და საინტერესო თავგადასავალი.
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ბაფის მხსნელად ბაყაყი ჩიკო ევლინება. იგი დასახავს ყურცქვიტას ტყიდან გაქცევის გეგმას, თუმცა ცხოველები ყველანაირად ცდილობენ მიზნის მიღწევაში ხელის შეშლას.
საბოლოოდ, ბაყაყი ჩიკო გონიერებით ამარცხებს ელვინს. ლომი საკუთარ ანარეკლთან ბრძოლაში იღუპება. ადრე მტრულად განწყობილი ცხოველები მეგობრებად გვევლინებიან და ბედნიერები მეფედ ბაყაყს ირჩევენ.
სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:
სიმამაცე, თავდადება, გონიერება, განათლება, მეგობრობა და მოხერხება.
მსახიობების მაღალი ოსტატობით, ორიგინალური რეჟისორული კონცეფციითა და კომპოზიტორის მიერ სპეციალურად სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკით, სცენაზე იქმნება ზღაპრული ატმოსფერო, რომელიც მაყურებელს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უტოვებს.
2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.