ფილმის მოქმედება 1983 წლის ზაფხულში, ჩრდილოეთ იტალიაში ვითარდება. მთავარი გმირი ელიო ინტელექტუალურ ოჯახში იზრდება და ზაფხულს მშობლებთან ერთად ვილაში ატარებს. მათი მშვიდი ყოველდღიურობა იცვლება, როდესაც მამასთან სამუშაოდ ამერიკელი სტუდენტი ოლივერიჩამოდის.
სახლი სავსეა წიგნებით, მუსიკით, ხელოვნებითა და კულტურით, თუმცა ამ ერთი შეხედვით თავისუფალ სამყაროშიც კი გრძნობები ფრთხილი მზერით, დუმილითა და დაუმთავრებელი სიტყვებით გამოიხატება.
რეჟისორი ლუკა გუადანინო ქმნის დახვეწილ და ემოციურ ისტორიას სიყვარულზე, ზრდასრულობაზე და საკუთარი თავის აღმოჩენაზე. ფილმის სენსუალურობა იბადება არა მხოლოდ რომანტიკიდან, არამედ მზის შუქიდან, წყლიდან, ქვის ტექსტურიდან, მუსიკიდან და ყოველდღიური ცხოვრების უმცირესი დეტალებიდან. არქეოლოგიური აღმოჩენები კი ელიოს შინაგანი სამყაროს აღმოჩენის სიმბოლოდ იქცევა.
ტიმოთე შალამე განსაკუთრებული სიზუსტით ასახიერებს ელიოს ემოციურ ზრდას, ხოლო არმი ჰამერი ოლივერს ბუნებრივი ხიბლითა და თავდაჯერებულობით წარმოგვიდგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაიკლ სტულბარგის დასასრულის მონოლოგს, რომელიც თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენად იქცა.
„დამიძახე შენი სახელით“ თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია პირველ სიყვარულზე, თვითშემეცნებაზე, სილამაზეზე, მეხსიერებასა და იმ გრძნობებზე, რომელთა გააზრებას სიტყვები ხშირად ვერ ასწრებს.