ანტიუტოპია სამყაროზე, სადაც ადამიანებზე ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები და ვენტილაციის სპეციალისტები ბატონობენ. ინფორმაციის სამინისტროს ერთი კლერკის ორთოგრაფიული შეცდომის შედეგად, თითქმის იდენტური მეორე კლერკის ცხოვრება უსწრაფესად და შეუქცევად იცვლება: ადამიანი, რომელიც მანამდე მხოლოდ სიზმარში ფრინავდა, მოულოდნელად შეუყვარდება მკაცრი გარეგნობის გოგონა, რომელსაც შეცდომით ტერორისტად აღიქვამენ, და თავადაც მოულოდნელად სახელმწიფოს მტრად იქცევა.
იდეა ტერი გილიამს ერთ ინდუსტრიულ ქალაქში გაუჩნდა, როცა ნახა პლაჟი, რომელზეც ქვანახშირის მტვერი ცვიოდა. წარმოიდგინა ბიჭი, რომელიც ზღვასთან ზის და რადიოთი შემთხვევით გაგონილ მელოდიაზე — „Aquarela do Brasil“ — თავს ნამდვილ სამოთხეში წარმოიდგენს. სწორედ ამ სიმღერის სახელწოდებამ მისცა ფილმს სახელიც — მიუხედავად იმისა, რომ გილიამის ანტიუტოპიას ბრაზილიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ფილმის პრემიერა სიმბოლურად 1984 წელს უნდა ყოფილიყო (ორუელის რომანის გავლენა აშკარაა), თუმცა ეკრანებზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა — Universal-ის სტუდიასთან უთანხმოების გამო. პროდიუსერი ითხოვდა ბედნიერ დასასრულს, ხოლო რეჟისორი ჯიუტად იდგა საკუთარ ხედვაზე. შედეგად, ფილმი ორ ვერსიად გამოვიდა (ჩვენ, რასაკვირველია, რეჟისორულ ვერსიას ვუყურებთ).