უმუშევარ ანტონიოს, როგორც იქნა, იღბალი ეღიმება — მას აფიშების გამკვრელის სამსახურში იღებენ. თუმცა ბედნიერი პერიოდი დიდხანს არ გრძელდება: იმავე დღეს ვიღაც ველოსიპედს მოპარავს — ერთადერთ საშუალებას, რომლის გარეშეც ამდენი ძალისხმევით ნაპოვნი სამსახურის შენარჩუნება შეუძლებელია. ანტონიო შვილთან ერთად მოპარული ველოსიპედის საძებნელად მიემართება და ორივე თანდათან იკარგება ომისშემდგომი რომის უზარმაზარ, გულგრილ ქუჩებში, სადაც პატარა ადამიანების ტკივილს თითქოს ვერავინ ამჩნევს.
ეს იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილმია. სწორედ ამ კინომიმდინარეობამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე კინოს არაერთ მნიშვნელოვან ხერხსა და ესთეტიკას. ნეორეალიზმმა გადაღებები სტუდიებიდან ნამდვილ ქალაქის ქუჩებში გადაიტანა და ეკრანზე პროფესიონალი მსახიობების ნაცვლად ჩვეულებრივი ადამიანები გამოიყვანა. მაგალითად, „ველოსიპედის ქურდებში“ მთავარი როლი პროფესიონალ მსახიობს კი არა, ქარხნის ტოკარს ანდეს, რომელსაც გადაღებების გამო დროებით სამსახური დაატოვებინეს. მოგვიანებით კი, ქარხნიდან გათავისუფლების შემდეგ, მსახიობის კარიერის გაგრძელება მოუწია.