21 ნოემბერს ისტორიული სოფელი ასურეთი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ქვემო ქართლის მეღვინეებს, ღვინის სფეროს პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 40-მდე მეღვინის ტრადიციული და თანამედროვე სტილის ღვინოები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ რეგიონის გამორჩეული ღვინოები, აღმოაჩინონ ახალი გემოები და გაიცნონ ადგილობრივი მეღვინეები, რომლებიც ქვემო ქართლის მეღვინეობის ტრადიციებს აგრძელებენ და ავითარებენ.
ღვინის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, სტუმრებს ასურეთის „სადგურის“ უგემრიელესი კერძები და ცოცხალი მუსიკა დახვდებათ, რაც ფესტივალს განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესძენს.
ასურეთის ღვინის ფესტივალი უკვე მეორედ იმართება და თანდათან ყალიბდება მნიშვნელოვან შეხვედრის ადგილად მეღვინეებისთვის, დარგის პროფესიონალებისა და ღვინის მოყვარულებისთვის. ფესტივალი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციასა და რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებას.
ღონისძიება ტარდება გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით, ასურეთის „სადგურთან“ პარტნიორობითა და ქვემო ქართლის მეღვინეთა და მევენახეთა გაერთიანების მხარდაჭერით.
ასურეთის ღვინის ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქვემო ქართლის მეღვინეობის მდიდარ ტრადიციებს, რეგიონის უნიკალურ პოტენციალს და განამტკიცებს მის ადგილს საქართველოს ღვინის რუკაზე.
ადგილი: ასურეთი, „სადგური“