ბავშვობიდანვე გამუდმებით გვახსენებენ, რომ ალკოჰოლის ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები - ალკოდამოკიდებულება, ნერვული სისტემის დაზიანება და ა.შ. ვიცით ეს და ვაცნობიერებთ, მაგრამ ასევე გაცნობიერებულად ვიღებთ გადაწყვეტილებას მაშინ როცა კვლავ ვხვდებით მეგობრებს, ახლობლებს და უმეტეს შემთხვევაში ალკოჰოლი მსგავსი შეხვედრების უცვლელი მონაწილეა. რაც არ უნდა ვთქვათ, ალკოჰოლი ყოველთვის იყო, არის და იქნება თანამედროვე საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.
სწორედ ამ თემაზე დანიელმა რეჟისორმა ტომას ვინტერბერგმა საკმაოდ უნიკალური კინონამუშევარი შემოგვთავაზა. ცხოვრების სირთულეებით დაღლილი ოთხი საუკეთესო მეგობარი, გადაწყვეტს საკუთარ თავზე გამოცადოს სამეცნიერო თეორია, რომლის მიხედვითაც, ყოველდღე მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მათ დაეხმარებათ როგორც სამუშაო, ისე ოჯახური პრობლემების გადაჭრაში. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ როდესაც საქმე ალკოჰოლს ეხება ხუმრობას კარგ შედეგამდე არასდროს მივყავართ.
