„ამელი“ — ლეგენდად ქცეული ფილმია უჩვეულო გოგონაზე, რომელიც საკუთარ წარმოსახვაში ცხოვრობს და ყოველდღიურ სამყაროს პატარა, თითქმის შეუმჩნეველი სასწაულებით ცვლის. მისი სამყარო სავსეა ისტორიებით, მოგონებებითა და უცნაური დეტალებით, რომლებიც რეჟისორმა ჟან-პიერ ჟენემ ჯერ კიდევ 1974 წლიდან დაიწყო შეგროვება.
ეს არის ჟან-პიერ ჟენეს მთავარი ფილმი, ოდრი ტოტუს ცხოვრებისეული როლი და საუნდტრეკი, რომელმაც იან ტირსენი ერთ დღეში მსოფლიო მასშტაბის კომპოზიტორად აქცია. იმ იშვიათ შემთხვევებს შორისაა, როდესაც საფრანგეთში გადაღებულმა ფილმმა ერთდროულად მთელი მსოფლიო — იაპონიიდან ალასკამდე — მოხიბლა.
„ამელის“ გავლენა კინოს ფარგლებსაც გასცდა. იაპონიაში ბევრმა მშობელმა ახალშობილ გოგონებს ამელი დაარქვა. 2001 წლის შემდეგ მონმარტრზე უძრავი ქონების ფასების ზრდასაც ხშირად სწორედ ამ ფილმის პოპულარობას უკავშირებენ. ხოლო ეკვადორში ახლად აღმოჩენილი „მინის ბაყაყების“ ერთ-ერთ სახეობას ამელი პულენის პატივსაცემად დაარქვეს.
„ამელი“ სიყვარულის, სიკეთისა და წარმოსახვის ნამდვილი ოდაა — ფილმი, რომელიც გვახსენებს, რომ ზოგჯერ სხვისი ცხოვრების შესაცვლელად ერთი პატარა კეთილი ჟესტიც კი საკმარისია.