ფილიპ ვინტერი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოგზაურობს, Polaroid-ით ფოტოებს იღებს და უშედეგოდ ცდილობს თავისი ახალი ნამუშევრისთვის შთაგონების პოვნას. მისი მოგზაურობის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა მხოლოდ აეროპორტში ხდება, ევროპაში გამგზავრებამდე: შემთხვევითი ნაცნობი სთხოვს, ცოტა ხნით მის 9 წლის ქალიშვილს მიხედოს, შემდეგ კი უკვალოდ ქრება. ასე აღმოჩნდება ფილიპი სრულიად უცნობ ბავშვთან ერთად და მეორე მოგზაურობას იწყებს — ამჯერად უკვე ევროპაში, გოგონას ნათესავების მოსაძებნად.
Road movie-ს ჟანრის ფილმებში მთავარი ყოველთვის დანიშნულების ადგილი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია თავად გზა — ადამიანები, შემთხვევითი შეხვედრები, პეიზაჟები და ის მცირე დეტალები, რომლებიც მოგზაურობისას თანდათან იძენს მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ ამ ჟანრს განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს: ის გვასწავლის, შევანელოთ ნაბიჯი, უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ სამყაროს და დავინახოთ ის, რასაც ყოველდღიურობაში ხშირად ვერც კი ვამჩნევთ.