24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიცაა წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას განათლების მნიშვნელობას განვითარების, თანასწორობისა და მშვიდობის მიღწევაში.
სამწუხაროდ, განათლების კუთხით საქართველოს სერიოზული გამოწვევები აქვს. ქართველი მოსწავლეები ერთი მხრივ, საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს საშუალო საგანამანათლებლო მიღწევებით, მეორე მხრივ, დიდია აკადემიურ მიღწევებში განსხვავება საცხოვრებელი ადგილის, სკოლის სტატუსის, ოჯახის შემოსავლისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. ეს ადასტურებს, რომ განათლების სისტემა ვერც ერთ საფეხურზე ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებასა და განვითარებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
განათლების ახალი ინიციატივებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება: როგორც უმაღლესი, ისე საბაზისო განათლება გახდება უფრო ელიტური, არ გაუმჯობესდება მისი ხარისხი, დაბალშემოსავლიან ოჯახში დაბადებულ მოსწავლეებს დამატებითი ბარიერები შეექმნებათ უმაღლესი განათლების მიღების გზაზე, ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება. უნივერსიტეტებს შეეზღუდებათ ავტონომია და სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფერო იზოლაციაში მოექცევა.
განათლების სისტემით დაინტერესებულ პირებთან და პარტნიორებთან კონსულტაციისა და პოზიციის დაფიქსირების მიზნით, 24 იანვარს, 12:00 საათზე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის ატარებს ფორუმს განათლების პოლიტიკის შესახებ. ფორუმზე მოწვეული იქნებიან პედაგოგები, ახალგაზრდები, ლექტორები, მშობლები, სპეციალისტები და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება. მცირე ჯგუფებსა და პლენარულ ფორმატში მონაწილეები იმსჯელებენ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ზომებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე.
