ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე გიწვევთ სემინარზე, სადაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ურბანული სივრცე და რისი თქმა შეუძლია მას ჩვენი საზოგადოების შესახებ.
კულტურული ლანდშაფტი ადამიანის ცხოვრების უბრალოდ ნეიტრალური ფონი არ არის. ქალაქის ცენტრი და საცხოვრებელი გარეუბნები, გამზირები და მოედნები, არქიტექტურული სიახლეები და მიტოვებული სივრცეები სოციალურ ურთიერთობებსა და განსხვავებებს, კულტურულ კოდებსა და „კოლექტიურ მეხსიერებას“ ასახავს. ადამიანების ყოველდღიური მარშრუტები, ჩვევები და ახალი ტექნოლოგიები კი ქალაქს ადამიანების, საგნებისა და მნიშვნელობების მუდმივად ცვალებად ერთობლიობად აქცევს.
შევეცდებით წავიკითხოთ ეს „კულტურული რუკა“: გავარკვევთ, როგორ ურთიერთქმედებს ბუნებრივი და ურბანული ლანდშაფტები და რატომ ვითარდება სხვადასხვა ქალაქი განსხვავებული პრინციპებით.
ვისაუბრებთ სოციალურ ტოპოგრაფიაზეც — საზოგადოების სოციალურ ფსკერსა და ანდერგრაუნდზე, უმაღლეს განათლებასა და დაბალ შემოსავალზე და იმაზე, თუ როგორ ვლინდება სოციალური იერარქია ქალაქის სივრცეში.
ასევე გავეცნობით კულტურათაშორისი კომუნიკაციის არავერბალურ კომპონენტებს: როგორ განსაზღვრავს კულტურა სხეულებრივ პრაქტიკებს — პირადი სივრცის საზღვრებს, ჟესტებს, სიარულის მანერას, სპორტულ აქტივობასა და ბევრ სხვა დეტალს. ეს პრაქტიკები, ერთი მხრივ, კულტურული ლანდშაფტის გავლენით ყალიბდება, მეორე მხრივ კი თავადაც ცვლის მას.
საღამოს გაუძღვება ვერონიკა გენადიევნა პონომარევა (ცელიშევა) — სოციალური ანთროპოლოგი, სოციოლოგი, სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; სოციოლოგიის, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის, კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და სხვა ჰუმანიტარული დისციპლინების ლექტორი; მონოგრაფიებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.
იგი ასევე ხელმძღვანელობს პროექტს „Pro-заброшенное“, რომელიც სანქტ-პეტერბურგის მიტოვებული სივრცეების ათვისების არაფორმალურ ახალგაზრდულ პრაქტიკებს იკვლევს.