ლუმოსში გეპატიჟებით უძველესი იაპონური სამკურნალო თერაპიის, შიაცუს, ტექნიკის შემსწავლელ საბაზისო კურსზე, რომელსაც გაუძღვება აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი, თამარა.
თამარამ განათლება მიიღო დიენ ჩანის მულტირეფლექსოლოგიის საერთაშორისო სკოლასა და ალტერნატიული თერაპიის უმაღლეს სკოლაში, ბარსელონაში. აქვს ევროპული მასაჟის სისტემის ლიცენზია რეფლექსოლოგიის განხრით. ამჟამად მოღვაწეობს ესპანეთში, საქართველოსა და ურუგვაიში.
კურსი მოიცავს 6 შეხვედრას და გაიმართება 23, 25, 28, 30 ივლისს, 1-ელ და 2 აგვისტოს 19:30-22:00 საათზე.
კურსის ღირებულებაა: 500 ლარი
რა არის შიაცუ?
შიაცუ იაპონური აღდგენითი თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც მოიაზრებს ადამიანის სხეულზე გამავალ ენერგეტიკულ მერიდიანებზე ზეწოლას თითებითა და ხელისგულებით, რაც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და გვეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაში, რელაქსაციასა და ენერგიის აღდგენაში. თერაპიის დროს აქტიურად გამოიყოფა ენდორფინები, რაც შემდგომ სხეულის თვითბალანსს უწყობს ხელს.
რა გველის კურსის განმავლობაში?
კურსის განმავლობაში გავეცნობით შიაცუს ფილოსოფიას, შევისწავლით სხეულზე გამავალი წერტილების რუკებს და ეტაპობრივად დავეუფლებით პრაქტიკულ უნარებს.
ყოველი მომდევნო შეხვედრა დაეთმობა სხეულის გარკვეულ ნაწილს, პრაქტიკულად შევისწავლით, თუ როგორ ვიმუშაოთ შიაცუს ტექნიკით, დავაკვირდებით შეგრძნებებს და დავხვეწთ მოძრაობას.
კურსი ემსახურება შიაცუს საბაზისო ცოდნის მიღებას და მის პრაქტიკულად გამოყენებას, რაც დაინტერესების შემთხვევაში შეგიქმნით ცოდნის გაღრმავების წინაპირობას.
კურსი დაგვეხმარება, რომ შიაცუს ტექნიკა ჩვენი ყოველდღიური რუტინის ახალ, სასიამოვნო და ჯანსაღ ნაწილად იქცეს.