საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც გარდამტეხ ეტაპად იქცა როგორც კინო-ფანტასტიკის განვითარებაში, ისე მსოფლიო კინოს ისტორიაში. ფილმი მოგვითხრობს ადამიანების იდუმალ შავ მონოლითებთან შეხვედრების სერიაზე, რომლებიც კაცობრიობის ევოლუციის მიმდინარეობაზე ახდენენ გავლენას.
ფილმის თანაავტორი არტურ კლარკი საჯაროდ ამბობდა, რომ თუ ვინმემ ფილმში დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი იპოვა, ესე იგი, მან და კუბრიკმა რაღაც არასწორად გააკეთეს. კუბრიკმა შეგნებულად თქვა უარი კადრს მიღმა განმარტებებზე და აქცენტი სიზმრისეულ და მეტაფიზიკურ ასპექტებზე გადაიტანა.
„ოდისეაში“ მეცნიერება ბუნებრივად თანაარსებობს რთულად ასახსნელ და ზებუნებრივ მოვლენებთან, თავად რეჟისორი კი ამბობდა, რომ შეეცადა ეპოვა „ღმერთის მეცნიერული განმარტება“.