ბახმარო — დაბა და კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. კურორტი სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი. ბახმაროს სეზონი ზაფხულში დაახლოებით ორ თვეს გრძელდება და კულმინაციას ყოველი წლის 19 აგვისტოს ტრადიციული დოღისა და დღესასწაულის დროს აღწევს.